ობჩურას სამი დეგუსტაცია

ჰაა-ჰაა, ორი კვირა იქნება გასული, რაც მეგობარმა თაბახზე ამობეჭდილი ღვინის ეტიკეტი მაჩვენა და დააყოლა – ნახე, საუკეთესო ცოლიკოური გამოვიდა ბაზარზე და გასინჯე, ჟანრის ეტალონია ნამდვილადო. საუბარია იმერელი მევენახე გლეხის, ღვალაძის მიერ დაყენებულ ცოლიკოურზე. ღვინო  ტრადიციული ქართული მეთოდითაა დაყენებული სოფელ ობჩაში მოყვანილი ყურძნიდან.

ფოტო ჩემი არ არის (ობჩური არის როგორც მხოლოდ ”ცოლიკოური”, ასევე ”ცოლიკოური / ციცქა”)

პარასკევ საღამოს, სამსახურიდან ვინოთეკაში გავაირე და ახალშემოდებული ობჩური ცოლიკოური თაროდანვე მოვხსენი. სახლში მაცივარს 9°C-მდე ავუწიე, შევდე ჩემი ობიექტი დილამდე გასაგრილებლად და მას მერე ფიქრები მჭამდა: ნეტა როგორი იქნება? ნიკოლაძეების მარნისნაირი იქნება? თუ უფრო ნაკლებმჟავიანი? ამაღამ რომ სურდო დამემართოს, ხვალ რა ჩემს ფეხებს გავიგებ? ჯერ გავსინჯო და მერე ვივარჯიშო, თუ – პირიქით?

დილის აუზიდან დაბრუნებულმა, გამოვაძრე ბოთლი მაცივარს, ავხადე ბოთლიშვილობა და გავქანდი აივანზე, იქ ყველაზე სუფთა ჰაერი და კარგი სინათლეა. პატარა სკამზე დავჯექი, ამობრუნებულ სათლზე ღვინის ბოთლი და ფუჟერი დავდე, დავასხი, ფურცელი მოვიმარჯვე და დავიწყე წერა:

”ოქროსფერია და თან მზისფერი სხივიც დაკრავს, აქამდე არ მინახავს მზისფერი სხივი იმერულ ღვინოში.  ქვევრში კარგად დაწმენდილა, კამკამაა და უკეთ აჩენს ფერის ინტენსივობას.
პირველად სუნში ნუშისა და ატმის(?) ტონი მეცა, შენჯღრევის შემდეგ კი ყველაფერი გაღრმავდა და გაიშალა, მინდვრის ყვავილები + ბალახები დაემატა, ძალიან ნაზი და საკაიფო სურნელი აქვს.
გემოში საშუალო სიმჟავე და იგივე არომატები ძალიან კარგადაა დაბალანსებული, იმერული ღვინის კვალობაზე საოცრად რბილია, სასიამოვნო დაბოლოებით. უნდა აღვნიშნო, რომ ვგიჟდები ასეთ სუფთა გემოებზე! როდესაც ღვინოს არ ეტყობა ზედმეტი ჩარევის კვალი, არ გაბინძურებს, არ გტვირთავს”

გავედი სამზარეულოში და ობჩურას მეწყვილეებს დავუწყე ძებნა, ავიღე სულგუნი, ფოკას ყველი ”ალბიო”, გარგარი, ჭერამი, ატამი. გავედი აივანზე და სათლის ისედაც პატარა ძირზე ჩემი თეფში ჩავჭუჭყნე 🙂

ალბიო. არც ეს ფოტოა ჩემი 🙂

რატომღაც ვფიქრობდი, რომ ატამი მოუხდებოდა, თუმცა მწიფე ხილის სიტკბომ ისედაც მშრალი ღვინო კიდევ უფრო დააშრო და აამწარა, სასწრაფოდ გადავედი ყველებზე. სულგუნი ცოტა ცხვირმოუხოცავი აღმოჩნდა, მაგრამ ფოკას ალბიო დახვეწილობითა და ელეგანტურობით შესანიშნავად დააჯდა ღვინის დაბოლოებას და ახალი, უფრო სასიამოვნო გემო წარმოშვა. ჭიქაში მესამე დამატებაზევე ”თვალებში გამოვიხედე” და მივხვდი, რომ მშვენიერი აივანი მაქვს, რომ ძალიან მიყვარს პლატოს მწვანე ხედი და მივხვდი, რომ მზე სასიამოვნოდ ანათებს. გამიხარდა კიდეც, როცა აღმოვაჩინე, რომ აივნის კარი დედაჩემს შიგნიდან ჩაუკეტავს და სანამ თვითონ შემთხვევით არ შემოვა საძინებელში, ხმას ვერ მივაწვდენ.

ჩემდა გასაკვირად, საუზმეზე, მწვანე სუპს ძალიან მოუხდა ჩემი ”ობიექტი”. მაწვნით შეკმაზვამ სუპი სასიამოვნოდ აამჟავა და ღვინის ხანგრძლივ დაბოლოებას კიდევ უფრო ალამაზებდა. აქ კიდევ ერთხელ დავეთანხმე აივანზე აღმოჩენილ ჭეშმარიტებებს და გავიფიქრე, ნუთუ დედაჩემის გარდა კიდევ ვინმეს შეუძლია ასეთი კერძის გაკეთება…

მეორე დეგუსტაცია კოჯორში გაიმართა, ყინულებით ჩაციებულ ობჩურას დიდი პლასტმასის ჭიქებით ვსინჯავდით. თან ჩემს შეყვარებულს ვუსმენდი, ჩემზე უკეთ შეუძლია სურნელების ამოცნობა და ამიტომ ყოველთვის მაინტერესებს მისი აზრი. სიახლემაც არ დააყოვნა: ნესვის სუნი აქვსო. გამიკვირდა, მაგრამ რომ ჩავყავი ცხვირი ჭიქაში – მართლაც ვიგრძენი. მაინც ეჭვი შემეპარა, ჭიქის ბრალი ხომ არ არის მეთქი და გონებაში ჩავინიშნე, მეორე დილით კიდევ ერთხელ უნდა გამესინჯა. სუფთა ტყის ჰაერს, სიგრილეს, ობჩურასა და ფოკას ალბიოს თონის ახალი პური შევმატეთ და ძველ ჭეშმარიტებებს ახლები დავუმატეთ.

ახლა ის მეორე დილაა, კიდევ ერთხელ რომ უნდა გამესინჯა. ნესვი მართლაც მწიფს ნუშის ძირში და კმაყოფილმა გადმოვინაცვლე კომპიუტერთან, ახლა მოვწრუპე ბოლო ყლუპი და სადაცაა პოსტიც მიილევა.

ნამდვილად ღირს ამ ღვინოში 24.5 ლარის გადახდა, მითუმეტეს მაშინ, როცა ეს ყველაფერი ერთმა ბოთლმა იკისრა.

Advertisements

One response to “ობჩურას სამი დეგუსტაცია

  1. მშვენიერი თემაა და პოსტიც რაღაც მსუბუქი და სასიამოვნოა… ასე დაწერილი ღვინოზე ჯერ არ წამიკითხავს

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s