იყო და არა იყო რა, იყო ერთი კატა, რომელსაც სახელად ზურას ეძახდნენ, ზურა სკოლაში კარგად სწავლობდა. უკვე მეორე კლასში გადაეჩვია შუა ოთახში ბუნებრივი მოთხოვნილებების მოსაქმებას. მესამე კლასში ბეწვი შავად შეიღება და ისწავლა გზაზე გადარბენა. მეხუთე კლასში იყო, მის მიერ დათარსული 8 ადამიანის გვამი რომ ეკიდა სკოლის საპატიო დაფაზე, როგორც მოწმობა კატა ზურას ნიჭიერებისა. ამ ადამიანებს შორის იყვნენ ცნობილი საზოგადო მოღვაწეები – რობესპიერი, ნაპოლეონი, ჰიტლერი, ჯონ ლენონი.
ამგვარად, კატა ზურა მრავალი მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენის თანაავტორად გვევლინება. მაგრამ ყველაზე საინტერესო და უცნაური ამბავი მას ესპანეთში გადახდა, მაშინ, როდესაც ფიესტის დღესასწაულზე იყო ჩასული და კორიდას დაესწრო.
იმ დროს ესპანელ ტორეადორებს შიშის ზარს სცემდა და სიცოცხლეს უმწარებდა ხარი, სახელად წიქარა. წიქარა ჩუმად ეპარებოდა ტორეადორების სახლს, ზარის ღილაკს ჩლიქს მიაჭერდა და გარბოდა. გაწამებული ტორეადორები ვერაფერს უხერხებდნენ წიქარას.
კატა ზურას გული დაუწვა ცხელმა ჩაიმ, მაგრამ მას ეგონა, რომ ეს ტორეადორების საცოდაობამ გააკეთა, ამიტომ გადაწყვიტა, წიქარასათვის გზაზე გადაერბინა და საფუძვლიანად დაეთარსა.
კატა ზურა სწორედ ასე მოიქცა. დათარსულმა წიქარამ კი ცოლი მოიყვანა, მაგრამ მალე გაუშვა, რითაც კატის დათარსვა აახდინა და ასე უბრალოდ გაანეიტრალა.
შესაბამისად, ტორეადორებს არაფერი ეშველათ. მაშინ კატა ზურამ მთელი უარყოფითი ენერგია მოიკრიბა და ისე გადაურბინა წიქარას. მეორე დღეს ქალაქის ცენტრალურ არენაზე კორიდა იმართებოდა, რომელშიც წიქარასაც უნდა მიეღო მონაწილეობა. წიქარა უნდა შებრძოლებოდა კენიის მეფე გიორგი XIII.
ბრძოლა ძალზე მძიმედ დაიწყო, მაგრამ ნელ-ნელა გიორგი XIII-ის უპირატესობა გამოიკვეთა. დათარსული წიქარა თავის თავს არ ჰგავდა. მას ლეონარდო დიკაპრიოს მასკა ეკეთა. ამ დროს კი გიორგი XIII დარტყმას დარტყმაზე აყენებდა წიქარას მამას, რომელიც იქვე შორიახლოს ბალახობდა.
წიქარამ იგრძნო, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და კენიის მეფეს ქრთამი შესთავაზა – ამოიღო ჯიბიდან სავარცხელი და გადაუგდო. გიორგი XIII-ს სავარცხელი ძალიან მოეწონა, მაგრამ არ შეიმჩნია და განაგრძო წიქარას მამის უკვე გვამის გვემა.
წიქარა არ მოეშვა და ახლა ჯიბიდან სარკე ამოიღო და გადაუგდო. გიორგის სარკის დანახვით გამოწვეული სიხარულის დამალვა გულით უნდოდა, მაგრამ… შეთანხმება შედგა – გიორგი XIII-მ დაინდო მამა-შვილი წიქარები და კენიაში დაბრუნდა სარკით და სავარცხლით ხელდამშვენებული, რაც შემდგომში საკუთარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მოახმარა.
რაც შეეხება წიქარას, მან მამამისი სახლში დამარხა – აქ უფრო მივაქცევ ყურადღებასო, თვითონ კი სასაფლაოზე გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მალე მეზობლებთან ჩხუბი მოუვიდა და მოკვდა.
რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, მის გვამს სამი წლის შემდეგ ბოჩოლა შეეძინა, რომელმაც სახელად წიქარა ჯუნიორი შეირქვა. ბოჩოლამ დაბადებისთანავე მამის ხსოვნას ლექსი მიუძღვნა:
“- მამა, მამა, ჩემო მამა,
- რაო ჩემო ბოჩოლა?
- გაჩუმდი, რას ლაპარაკობ,
შენ ხომ უკვე მკვდარი ხარ,
თანაც კაი ხანია”-ო.
ამის შემდეგ წავიდა წიქარა ჯუნიორი და კატა ზურა მოძებნა. ზურას სხვა გზა აღარ დარჩენოდა და წიქარა ჯუნიორის მოთხოვნით საკუთარ თავს გადაურბინა და თავი დაითარსა.
ამის შემდეგ წიქარა ბერლინში ჩავიდა და იქაურ ზოოპარკში ზებრად დაიწყო მუშაობა. 6 წელიწადში დაბერდა და ახალგაზრდა ნიანგს აჭამეს. ნიანგს სამი დღე ეყო წიქარა ჯუნიორის ხორცი.
ირაკლი საღინაძის ზღაპრებიდან, “ახალი ვერსია”, 2002-04-08.
