იქ მიგიყვანს ფეხი შენი

იყო და არა იყო რა, იყო ერთი კაცი, სახელად ჩორნა, ზედმეტსახელად კი გურამს ეძახდნენ. გურამმა ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ბოლოს მაინც გოგონა მარიასთან მივიდა. მართალი ნათქვამია, “სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო”, მაგრამ გურამი რომ მარიასთან მანქანით მივიდა, ამიტომ იგი მისი ბედი არ აღმოჩნდა.

გურამმა მარიასთან შეთანხმებისამებრ 1 საათი გაატარა, 60 ლარი გადაუხადა და სახლში წავიდა. 3 დღეში კიდევ მოუნდა. ისევ იმ დაწესებულებაში წავიდა, სადაც სამი დღის წინ მარია გაიცნო.

მას ამ ჯერზე ფეხით მოუწია წასვლა, რადგან ვიღაცამ მანქანიდან აკუმულატორი მოჰპარა. იმ დღეს მარია უკვე დაკავებული აღმოჩნდა, ამიტომ მას მირაბელასთან ერთად მოუწია იმ ერთი საათის გატარება.

ეს ერთი საათი მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მაგრამ ეს უკვე შემდეგ გაირკვა. შესაბამისად, ამის შესახებ შემდეგ მოგახსენებთ.

იმ ერთ საათში ღირსშესანიშნავი არაფერი მომხდარა. სახლში მიმავალი გურამი ზეპირად სწავლობდა ლექსს, რომელიც მეორე დღეს უნდა ჩაებარებინა.

მეორე დილაც გათენდა. გურამი მის ეზოში მდგარი კაცის ყვირილმა გააღვიძა: “ლექსებს ვიბარებ, ლექსებს”… “აბა ლექსებს ვიბარებ”. ჩორნა, იგივე გურამი წამოხტა, სასწრაფოდ ჩაიცვა, ეზოში ჩაირბინა და წინა დღით ნასწავლი ლექსი ლექსების ჩამბარებელ კაცს ჩააბარა.

კაცმა გურამს 5 თეთრი გადაუხადა. გურამმა ამ 5 თეთრს თხუთმეტი მიამატა, რომელიც მამამ დაუტოვა ანდერძით და იმ დღეს მეტროთი კატაობით გაირთო თავი.

ის-ის იყო, საბურთალოს ხაზიდან მთავარ ხაზზე გადაჯდა, რომ შინაგანად რაღაც იგრძნო, დაუკვირდა და მიხვდა – იგი შეყვარებული იყო. “ფეხით არ უნდა წავსულიყავი”, – გაიფიქრა მან, მაგრამ ვერაფერს იზამდა, რადგან მირაბელას სიყვარული უკვე ფაქტი იყო და ვერსად გაექცეოდა, მით უმეტეს მეტროთი.

მეორე დღეს გურამმა ადრე გაიღვიძა, წვერი მოუშვა, ხელ-პირი დაისვარა და მირაბელას ხელის სათხოვნელად წავიდა, მაგრამ უკან აღარ დაბრუნებულა. გურამის გაუჩინარება არ გამოპარვიათ მის ნათესავებს. მათ ორი საათი ეძებეს იგი, მერე ოთხი დღე ელოდნენ, ბოლოს და ბოლოს მათი მოთმინების ფიალაც აივსო და გურამის კუთვნილი ბინა, მანქანა და სხვა უძრავი ქონება გაყიდეს, აღებული ფულით მის სახელზე იქეიფეს, თანაც არა ერთხელ, არამედ სამჯერ.

ყველაზე კარგი პირველი ქეიფი გამოდგა, რადგან იმ დღეს მსუბუქი ყოფაქცევის მანდილოსნებიც ჰყავდათ მოწვეული. ამ მანდილოსნებს მარია და მირაბელა ერქვათ.

რაც შეეხება გურამს, იგივე ჩორნას, რა დაემართა? სად გაქრა ან რატომ? არავინ იცის. ისე, ყოველი შემთხვევისთვის, ამ სახელის მქონე ადამიანი თუ ვინმეს შეგვხდებათ, გთხოვთ, ძალიან გთხოვთ!

 

ირაკლი საღინაძის ზღაპრებიდან, “ახალი ვერსია” 2001-12-24.

პ.ს. ამ ზღაპარს სათაური არ ჰქონდა მითითებული და მე ჩავუწერე (ავტ.-ის მეზობელი)

One Response to იქ მიგიყვანს ფეხი შენი

  1. აბ ბოლო დროს საქართველოში ბევრმა დაიწყო ტეხასური პოკერის თამაში და მაინტერესებს ბლოგერები ამით რატო არ ინტერესდებით და არ წერთ არაფერს?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s